ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით
მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება დაიწყოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან მონაცვლეობის ინიციატორი კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.
მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერია იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.
საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის არეალს, მონაცვლეობისადმი დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების საზღვრებს, მიწის ნაკვეთების ღირებულებას, ახალ საკადასტრო რუკას და ინფორმაციას მესაკუთრეთა და ფულადი კომპენსაციის თაობაზე.
მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში მუნიციპალიტეტსა და მესაკუთრეს შორის იდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის თაობაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით შესაძლებელია, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის განხორციელების ნაცვლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული ქონების გაცვლის პროცედურა.