მიზანი
შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების (შემდგომ „ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“) მიზანია განისაზღვროს შენობის, შენობის ნაწილების ან შენობის ელემენტების ენერგეტიკული მახასიათებლების მინიმალური მოთხოვნები, ასევე შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების, მათი მონტაჟის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯის ეფექტურობა, შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად.
მოქმედების სფერო
ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე (იმ ახალ მშენებლობაზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ), ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე. მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.