მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ ატმოსფერული ნალექების გადაყვანისა და ძირითად საინჟინრო კომუნიკაციების სისტემებთან დაერთების წესი
სამშენებლო მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ისე უნდა განხორციელდეს, რომ: ა) მეზობლის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი ან/და ატმოსფერული ნალექები; ბ) საზოგადოებრივ სივრცეში მოხვედრილმა ატმოსფერულმა ნალექებმა ზიანი არ მიაყენოს ამ სივრცეს ან/და მესამე პირებს.
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირობები არ ეხება რუს, ღელეს, მდინარეს და საერთო მოხმარების არხს.
როდესაც რელიეფის გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელება, მეზობელი ვალდებულია თავის ნაკვეთზე გაატაროს მეზობლის ნაკვეთიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექები.
სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას, მშენებლობის ნებართვის მფლობელმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში.
დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა ტექნიკური საშუალება, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს მეზობლის საინჟინრო კომუნიკაციების სისტემების საკუთარი მიწის ნაკვეთზე გატარებას (ასევე, შეკეთებას/რეკონსტრუქციას), ძირითად საინჟინრო კომუნიკაციების სისტემებთან მიერთების მიზნით.
მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე საინჟინრო-კომუნალური ქსელების გატარების შესახებ მეზობელი უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული ერთი თვით ადრე. გარდა ამისა ასეთი სამუშაოების წარმოების საშუალებას უნდა იძლეოდეს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი (არ უნდა შეეხოს მრავალწლიან ნარგავებს და არსებულ შენობა- ნაგებობებს). იმ შემთხვევაში, თუ დათესილია ერთწლიანი კულტურები, აღნიშნული სამუშაო უნდა შესრულდეს მოსავლის აღების ან კომპენსაციის გადახდის შემდეგ. სამუშაოების დასრულებისას პირვანდელ მდგომარეობაში უნდა იქნეს მოყვანილი ის ტერიტორია, სადაც გატარდა საინჟინრო-კომუნალური ქსელები.
მიწის ნაკვეთში გატარებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთისათვის განკუთვნილი საინჟინრო-კომუნალური ქსელები არ შეიძლება ჩაითვალოს დაბრკოლებად სამომავლოდ ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისთვის. ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყებამდე ქსელი უნდა იქნეს გადატანილი მოთხოვნისთანავე.