მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში − 5 სამუშაო დღის ვადაში) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს მშენებლობის შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის აღნიშნული ეტაპი ჩაბარებულად ითვლება.
თუ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს წარდგენილ დასკვნაში ხარვეზს ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შეუსაბამობას, ეს ეტაპი ჩაბარებულად არ ითვლება. მშენებლობის ეტაპის ჩაუბარებლობის მიზეზი/მიზეზები მშენებლობის ნებართვის მფლობელს წერილობით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ეცნობება. ამ შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ხარვეზის აღმოფხვრის ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის მიზნით, მშენებლობის ნებართვის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა სანებართვო პირობების დარღვევად ჩაითვლება.
მშენებლობის ბოლო ეტაპზე ამ ეტაპის ჩაბარება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია 1 განცხადების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ხოლო III და IV კლასების ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარების მიზნით უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, იგი თვითონ არის პასუხისმგებელი II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარების მიზნით უფლებამოსილი ორგანოსთვის განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე შეფასების წარდგენისთვის.