სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა: ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით; ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით; ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით; ბ) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას: ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 800 ლარის ოდენობით; ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 4 000 ლარის ოდენობით; გ) დაბაში ან სოფელში გამოიწვევს დაჯარიმებას: გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით; გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით.
(ამოღებულია – 20.12.2019, №5693).
თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და კომერციული დანიშნულების ობიექტისა) მშენებლობის (მათ შორის, რეკონსტრუქციის) განხორციელებისას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებას, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის (მათ შორის, რეკონსტრუქციის) განხორციელებისას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 45-დღიან ვადას საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შესატანად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში წარადგინა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნევა მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც არ გასცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს და რომელსაც დაადასტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტერიტორია იმავდროულად არ შედის იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაში.