- ძირითად დებულებებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსადგომი – შენობა-ნაგებობა ან შესაბამისად მოწყობილი ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომად. ავტოსადგომი შეიძლება იყოს ღია ან/და დახურული, ცალკე
მდგომი ან შენობის ნაწილი;
ბ) აივანი – შენობის საანგარიშო ზედაპირის სიბრტყიდან კონსოლურად გამოწეული სართულის ნაწილი
შემოკავებული მოაჯირით;
გ) არასრული სართული – სართული, რომლის სიმაღლე, იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის
კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე 1.8 მეტრიდან 2.5 მეტრი ან ნაკლებია;
დ) ატრაქციონი – განისაზღვრება „ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №419 დადგენილების
შესაბამისად;
ე) ბაღი – გამწვანებული ტერიტორიის ნაირსახეობა, ლანდშაფტური მშენებლობის შედეგი, განკუთვნილი
სარეკრეაციო მიზნებით მწვანე ნარგავების გაშენების, დაცვის, გამოფენისა და გამოყენებისათვის;
ვ) ბულვარი – გამწვანებული ტერიტორიის ნაირსახეობა, ლანდშაფტური მშენებლობის შედეგად,
ქუჩის/გზის/წყლის ზედაპირის გაყოლებაზე მოწყობილი ხეივანი, განკუთვნილი ქვეითთა სასეირნოდ და
დასასვენებლად;
ზ) ბუნებრივი განათებულობა – შენობათა სათავსების ცის გაფანტული, მიმდებარე შენობებიდან და მიწის
ზედაპირიდან არეკლილი ბუნებრივი შუქით განათება;
თ) გაზონი – ბალახით გამწვანებული, მოვლილი ტერიტორია ბაღებში, პარკებში, ბულვარებში, ეზოებში და
სხვ.;
ი) გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – მიწის ნაკვეთის თავისუფალი გრუნტის (გამწვანების ფართობის ან/და
წყალგამტარი) ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან, მეათედის სიზუსტით
(მინიმალური მაჩვენებელი);
კ) გამწვანებული ტერიტორია – ამ ძირითადი დებულებების 23-ე მუხლით განსაზღვრული ტერიტორია;
ლ) განაშენიანების ინტენსივობა – ამ ძირითადი დებულებების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმით
განსაზღვრული ფუნქციური ქვეზონებისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლით
განპირობებული, ტერიტორიების განაშენიანების დაბალი, საშუალო ან მაღალი ინტენსივობა;
მ) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა
სართულების იატაკის ზედაპირების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან, მეათედის
სიზუსტით (მაქსიმალური მაჩვენებელი).
ნ) განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) – მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის
ფართობთან, მეათედის სიზუსტით (მაქსიმალური მაჩვენებელი);
ო) განაშენიანების სიმაღლე – განისაზღვრება ამ ძირითადი დებულებების 38-ე მუხლის შესაბამისად;
პ) განაშენიანების ფართობი – მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის
ორთოგონალური პროექციის ფართობი;
ჟ) გზა – ქვეითის ან/და ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განკუთვნილი სივრცე, მათ შორის, ქუჩა, ჩიხი,
ლიანდაგი, საბაგირო, ტროტუარი, გვერდულა, გამყოფი ზოლი, ველობილიკი. გზა შეიძლება იყოს როგორც
საერთო სარგებლობის, ისე კერძო;
რ) გრუნტის ზედაპირი – მიწის ნაკვეთის გრუნტის არსებული ან სანებართვო დოკუმენტაციით
გათვალისწინებული ზედაპირი, არანაკლებ მიჯნის ზონის მინიმალური სიღრმისა;
ს) დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და
მობილური კონსტრუქციული სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი
არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები;
ტ) დამხმარე შენობა-ნაგებობა – დამხმარე მიზნებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელიც
უშუალოდ არ არის ჩართული ტერიტორიის ძირითადი ფუნქცი(ებ)ით გამოყენებაში ან/და საქმიანობაში (მაგ.:
შენობა-ნაგებობის შესასვლელი კიბეები და პანდუსები, ავტოსადგომები, ტერასები, საბავშვო მოედანი,
ინვენტარის შესანახი ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-
ნაგებობები);
უ) ერკერი – შენობის საანგარიშო ზედაპირის სიბრტყიდან გამოწეული გადახურული, კედლებით და
შემინული ღიობებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციისა
და შიდა სივრცის ნაწილს და რომლის სიგანე არ აღემატება 5 მეტრს;
ფ) ვერანდა – გადახურული ტერასა;
ქ) ზამთრის ბაღი – მიწის ნიშნულის დონეზე, ტერასაზე ან/და სახურავზე განთავსებული დეკორატიული
ბაღი, გადახურული გამჭვირვალე კონსტრუქციით და უზრუნველყოფილი შესაბამისი აღჭურვილობით;
ღ) იატაკი – სართულის გადახურვის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) მზიდი კონსტრუქციის ზედა
ზედაპირი, მოპირკეთების გარეშე. იატაკის ნიშნული წარმოადგენს ამ ზედაპირის ნიშნულს;
ყ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი – ერთბიანიანი ან/და ორბინიანი (ბლოკირებული სახით), ცალკე
მდგომი, არაუმეტეს სამი მიწისზედა სართულის (მანსარდის გარდა) მქონე საცხოვრებელი ფუნქციის შენობა,
რომელიც განკუთვნილია ერთი ან ორი ოჯახისათვის;
შ) ინსოლაცია – მზის სხივებით ტერიტორიების ზედაპირისა ან/და შენობების შიდა სამყოფი ნაწილების
პირდაპირი დასხივება;
ჩ) ლოჯია – შენობის საანგარიშო ზედაპირიდან, მის მოცულობაში შეჭრილი გადახურული, ორი ან სამი
მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული, შენობის საანგარიშო ზედაპირის მხრიდან გახსნილი და მოაჯირით
შემოკავებული, არაკონსოლური საზაფხულო სამყოფი;
ც) მანსარდა – საცხოვრებლად/სამყოფად გამოყენებული სხვენი, რომლის სახურავის სიბრტყისა და შენობის
საანგარიშო ზედაპირის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს მანსარდის იატაკის ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ
სიმაღლეზე, გარდა ფრონტონის ნაწილისა;
ძ) მიწისზედა სართული – სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო
სიმაღლე 1,8 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტია;
წ) მიწის ნაკვეთის საზღვარი – მიწის ნაკვეთის საკადასტრო ან განაშენიანების გეგმით განსაზღვრული
შემომსაზღვრელი უწყვეტი წარმოსახვითი წირი – გამყოფი ხაზი;
ჭ) მიწის ნაკვეთის ფართობი – ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური
პროექციის ფართობი;
ხ) მიწისპირა სართული – სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო
სიმაღლე 1,8 მეტრი ან ნაკლებია (მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან
ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება;
ჯ) მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო
სიმაღლე 1,8 მეტრი ან ნაკებია (მეათედის სიზუსტით);
ჰ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – ორზე მეტი საცხოვრებელი ერთეულის შემცველი, ამ ძირითადი
დებულებებით განსაზღვრული დაბალი, საშუალო ან მაღალი ინტენსივობის, ერთგვაროვანი საცხოვრებელი
ფუნქციის შენობა, რომელიც არ არის მრავალფუნქციური შენობა;
ჰ1) მრავალფუნქციური შენობა – ორი ან მეტი ფუნქციის მქონე შენობა, სადაც რომელიმე ძირითადი ფუნქცია
არ აღემატება შენობის საერთო სასარგებლო ფართობის (შემომზღუდავი კონსტრუციების ფარგლებში) 75 %-ს;
ჰ2) პარკი – დასასვენებელი, გასართობი ან/და ბუნების ბინადართა დაცვის მიზნებისთვის განკუთვნილი,
ბუნებრივად ან/და ხელოვნურად მცენარეული საფარით დაფარული და კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც
შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა გამწვანებულ ტერიტორიას;
ჰ3) პასაჟი/გალერეა – შენობაში ქუჩის გასწვრივ ტროტუარის დონეზე შეჭრილი საზოგადოებრივი
გასასვლელი;
ჰ4) რთული რელიეფი (საშუალო ქანობი – 30% და მეტი) – გრუნტის ზედაპირის ფორმების ისეთი
ერთობლიობა, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს დასახლების სამშენებლო და სამეურნეო ფუნქციურ-
საყოფაცხოვრებო, სანიტარიულ-ჰიგიენურ-, არქიტექტურულ-მოცულობით და ტექნიკურ მახასიათებლებზე
და შესაბამისად განაპირობებს დასახლების დაგეგმარების, განაშენიანების და კეთილმოწყობის სპეციალური
საშუალებების გამოყენებას;
ჰ5) საბავშვო მოედანი – მიწის ნაკვეთზე ან/და საზოგადოებრივ სივრცეში მოწყობილი ბავშვებისთვის ან/და
მოზარდებისთვის განკუთვნილი სათამაშო, გასართობი და დასასვენებელი ღია სივრცე, რომელიც
აუცილებლად უნდა მოიცავდეს: უნივერსალური დიზაინის სათამაშო კონსტრუქციებს ან/და ატრაქციონებს,
გაზონს, ქვიშის მოედანს, ფანჩატურს და სკამებს და სხვა;
ჰ6) საზიარო კედელი – სამეზობლო საზღვარზე არსებული კედელი, რომლის ნაწილი შესაძლებელია
მომიჯნავე ნაკვეთებზე განთავსებული შენობ(ებ)ის ერთ-ერთ კედელს წარმოადგენდეს. აგრეთვე, საზიაროა
სამეზობლო საზღვარზე არსებული ან ასაშენებელი საყრდენი კედელი;
ჰ7) საზოგადოებრივი სივრცე – ნაშენი ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ მდებარე ქუჩა, გზა, მოედანი,
ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური
ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები ან/და მიწის ნაკვეთები,
რომლებიც განკუთვნილია ან გადაცემულია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ან/და ასეთად არის
დადგენილი (საჯარო სერვიტუტი) მოქმედი ქალქთმშენებლობითი გეგმებით;
ჰ8) სამტრედე (სამერცხლე) – ქანობიან სახურავზე (ზედაპირზე) მოწყობილი სასხვენე ღიობი/სარკმელი,
რომლის სიგანე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები და არ აღემატება 2 მეტრს;
ჰ9) სართული – შენობის ან/და ნაგებობის შეუალედური ჰორიზონტალური ზედაპირი, რომელიც აერთიანებს
სამყოფებს/სათავსებს/სადგომებს ერთ სივრცეში. ერთ სართულად ითვლება სართული, რომლის იატაკის
დონეებს შორის სხვაობა არ აღემატება 1.8 მეტრს;
ჰ10) სახურავი – შენობა-ნაგებობის ზედა დამამთავრებელი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც შენობა-
ნაგებობას იცავს გარემოს ზემოქმედებისგან. სახურავი შეიძლება იყოს ქანობიანი (3%-ზე მეტი) ან/და
ბრტყელი (3 % ან ნაკლები ქანობით);
ჰ11) სახურავის კეხი – ქანობიანი სახურავის გადახურვის სიბრტყეების ურთიერთგადაკვეთის ხაზი;
ჰ12) სახურავის კიდე – ქანობიანი სახურავის შემთხვევაში, შენობის საანგარიშო ზედაპირისა და შენობის
გადახურვის სიბრტყეების გადაკვეთის წარმოსახვითი ხაზი, ხოლო ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში –
შენობის საანგარიშო ზედაპირის დამამთავრებელი ხაზი;
ჰ13) სკვერი – დასასვენებელი/გასართობი მიზნებისთვის განკუთვნილი საერთო სარგებლობის ბაღი;
ჰ14) სპეციალური დანიშნულების ნაგებობა – ნაგებობა, რომლისთვისაც დადგენილია ძირითადი
დებულებებისგან და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების
წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებისგან განსხვავებული მოთხოვნები,
მათ შორის: ანძები და კოშკები; აეროპორტი, საზღვაო პორტი ან სარკინიგზო ნაგებობა; საჰაერო-საბაგირო
გზების ნაგებობა; ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგური ან ელექტროქვესადგური; ნავთობის,
ნავთობპროდუქტებისა ან თხევადი აირის საცავი ან/და ტერმინალი; ნაპირსამაგრი, ხაზოვანი ან სხვა
სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობა; მონუმენტი;
ჰ15) სრული სართული – სართული, რომლის სიმაღლე იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის
კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე 2,5 მეტრზე მეტია;
ჰ16) სხვენი – შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი ან ბრტყელი
სახურავის ფერდ(ებ)ის შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე, რომლის საშუალო სიმაღლე
იატაკიდან ჭერამდე 1.6 მეტრი ან მეტია და არ გამოიყენება საცხოვრებლად/სამყოფად;
ჰ17) ტერასა (ბანი) – გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია
მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი
ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე, რომ
შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და
პარაპეტით;
ჰ18) ტერასული შენობა – რთული რელიეფის პირობებისათვის მიზანშეწონილი, რელიეფის ქანობზე
საფეხურებად განვითარებადი (სადაც ერთი ან ორი სართული ქმნის თითო საფეხურს), სპეციფიკური
სივრცით-მოცულობითი და გეგმარებითი გადაწყვეტის მქონე შენობა;
ჰ19) ტერიტორიის/ზონის ერთგვაროვანი ფუნქციური გამოყენება – ტერიტორიის/ზონის ფუნქციური
გამოყენება ერთგვაროვანი, თუკი იქ განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და შენობა-ნაგებობის მინიმუმ 75%
გამოყენებულია იდენტური ფუნქციით (დომინირებული სახეობა);
ჰ20) ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება – ტერიტორიაზე (ფაქტობრივად) ან/და ზონაში/ქვეზონაში
(ნორმატიულად) განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და შენობა-ნაგებობის გამოყენების სახეობა, რომელიც
შეიძება იყოს ერთგვაროვანი ან შერეული;
ჰ21) ტერიტორიის/ზონის შერეული ფუნქციური გამოყენება – ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება
შერეულია, თუკი იქ განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და შენობა-ნაგებობის 25%-ზე მეტი გამოყენებულია
განსხვავებული ფუნქციით;
ჰ22) ტექნიკური სართული – სართული, რომლის მაქსიმალური სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერის
ნიშნულამდე 1.8 ნაკლებია (მეათედის სიზუსტით);
ჰ23) ფრონტონი – შენობის საანგარიშო ზედაპირის დამაგვირგვინებელი სიბრტყე, რომელიც ზემოდან
შემოსაზღვრულია ორფერდა სახურავით;
ჰ24) ქალაქთმშენებლობითი გეგმა – კოდექსით განსაზღვრული გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა
ან/და განაშენიანების დეტალური გეგმა;
ჰ25) ქუჩა – ნაშენი ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული გზა, რომელიც ერთი ან ორი მხრიდან არის
განაშენიანებული. ქუჩა შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო;
ჰ26) ღია სივრცე – ნაშენი ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი,
წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის
გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომელიც გამოიყენება საზოგადოებრივი ფუნქციით;
ჰ27) ღიობი – კედელში არსებული კარის, ფანჯრის, სამტრედის (სამერცხლის) ღია ნაწილი ან/და ნებისმიერი
ხვრეტი, გარდა ტექნიკური აღჭურვილობისთვის განკუთვნილი ხვრეტისა;
ჰ28) ღობე – მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს როგორც
საკადასტრო საზღვარზე (საზიარო ღობე), ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში;
ჰ29) შენობის საანგარიშო ზედაპირი – გრუნტის ზედაპირიდან სახურავის კიდემდე შენობის ყველა ზედაპირი,
რომელიც გრუნტის ზედაპირის ჰორიზონტალური პროექციის მიმართ ქმნის 70-დან 90 გრადუსამდე კუთხეს;
ჰ30) შენობის/ნაგებობის საანგარიშო სიმაღლე – შენობის/ნაგებობის გარე ვერტიკალური ზედაპირების
სიმაღლე, რომელიც აითვლება შენობის/ნაგებობის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან (შემდეგში –
გრუნტის ხაზი) სახურავის კიდემდე ან კეხამდე;
ჰ31) შეუსაბამო ობიექტი – კოდექსით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობის გეგმების მოქმედების არეალში
მოქცეული მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, რომელიც არ შეესაბამება ამავე გეგმებით ნებადართული
გამოყენების სახეობას, განაშენიანების პარამეტრებს ან ამ ძირითადი დებულებებით დადგენილ მოთხოვნებს;
ჰ32) ჭერი – სართულის გადახურვის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) მზიდი კონსტრუქციის ქვედა
ზედაპირი, მოპირკეთების გარეშე. ჭერის ნიშნული წარმოადგენს ამ ზედაპირის ნიშნულს;
ჰ33) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, საჰაერო-საბაგირო გზა, ქუჩა, ღობე, ყველა სახის
მილსადენი, მილგაყვანილობა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი), ფუნიკულიორი,
სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა;
ჰ34) ჯიხური – საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე
ფართობის მქონე დროებითი შენობა. - ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კოდექსში, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების
რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასა და
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები, გარდა ამ
წესში განმარტებული ტერმინებისა.
ტერმინთა განმარტებები
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: