ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების წესი

  1. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის
    აღმასრულებელ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს ან შესაბამისი
    ნებართვის მქონე პირს.
  2. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა
    ამხანაგობის ან ინდივიდუალური სახლის მესაკუთრის თანხმობა აღნიშნული ღონისძიების
    ფარგლებში სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო არ არის, თუ ეს არის მცირე სარეკონსტრუქციო
    სამუშაოები (ფასადის ცვლილება, სახურავის შეკეთება, აივნის გამაგრება და სხვა) და მათი ჩატარების
    დროს არ იცვლება შენობა-ნაგებობის ან/და კერძო საკუთრებაში არსებული ფართის ძირითადი
    პარამეტრები.
  3. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის მიერ ქალაქთმშენებლობითი
    ღონისძიების არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია
    ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრის/წევრთა თანხმობით, რომლის/რომელთა
    ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფართობი აღემატება ინდივიდუალურ
    საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარს, ხოლო ინდივიდუალური სახლის
    განვითარება ან/და რეაბილიტაცია ხორციელდება ინდივიდუალური სახლის მესაკუთრის თანხმობით.
    აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია გამოხატულ იქნეს მესაკუთრესა და ქალაქთმშენებლობითი
    ღონისძიების განმახორციელებელ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით.
  4. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების გაუმჯობესება
    შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის,
    ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის, უძრავი ქონების მესაკუთრის ან/და
    მესამე პირის სახსრებით.
  5. თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების შედეგად შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტით ან 5
    პროცენტზე მეტით იზრდება, გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი
    დამოუკიდებლად ფუნქციონირება, გაზრდილი ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება
    ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის
    საკუთრებად, ფართობის გაზრდის დაფინანსებისთვის მესაკუთრის მიერ გაწეული ხარჯების
    პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრების
    უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა
    თანხმობის გარეშე.
  6. თუ მრავალბინიან სახლში გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5 პროცენტზე
    ნაკლებია ან/და გაზრდილი ფართობი იზოლირებული არ არის და მისი დამოუკიდებლად
    ფუნქციონირება შეუძლებელია, დამატებული ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა,
    ხოლო ინდივიდუალური სახლის შემთხვევაში დამატებული ფართობი ინდივიდუალური სახლის
    მესაკუთრის საკუთრებაა. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების
    განვითარებისას შენობის ფართობი, სულ მცირე, განვითარებამდე არსებული შენობის ფართობის
    ტოლი უნდა იყოს, ხოლო შენობის ღირებულება განვითარებამდე არსებული შენობის ღირებულებას
    უნდა აღემატებოდეს. ამის უზრუნველსაყოფად ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების
    განმახორციელებელი პირი ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე
    უძრავი ქონების განვითარებამდე შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს
    წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, აგრეთვე ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების დასრულების შემდეგ
    შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.
  7. თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონება ავარიულია და
    გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის
    თანახმად, მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ასეთი
    შენობის დემონტაჟი ხორციელდება შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში
    ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მესაკუთრეს შენობის
    დემონტაჟის განხორციელებამდე სანაცვლოდ გადასცეს, სულ მცირე, მისი ტოლფასი ქონება ან
    სამართლიანი და სრული კომპენსაციის თანხა, ან, თუ იმავე ადგილას იმავე ფუნქციის ახალი შენობა
    აშენდა, − ახალ შენობაში გადასცეს, სულ მცირე, იმ ფართობის ტოლი ფართობი, რომელიც მის
    საკუთრებაში იყო ძველ შენობაში. თუ ახალი შენობის აშენებისას შენობის საერთო ფართობი 5
    პროცენტზე მეტით იზრდება, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი
    დამოუკიდებლად ფუნქციონირება, დამატებული ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება
    ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის
    საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის გაზრდის დაფინანსებისთვის მის მიერ
    გაწეული ხარჯების პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი
    პირის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
    ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე.
  8. ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების შედეგად
    მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების
    განმახორციელებელი პირი.
  9. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს
    მშენებლობის ნებართვა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე ნებისმიერ უძრავ
    ქონებაზე.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

აზომვა და პროექტი დუშეთში