მიჯნის ზონა

  1. მიჯნის ზონა წარმოადგენს შენობის საანგარიშო ზედაპირიდან, შენობის გრუნტის ზედაპირთან შეხების
    ხაზთან (შემდეგში – გრუნტის ხაზი), საანგარიშო ზედაპირის მართობულ ზონას, სადაც დაუშვებელია
    შენობის ნაწილების შეჭრა ან/და სხვა შენობა-ნაგებობის განთავსება, გარდა ამ მუხლით
    გათვალისწინებულისა.
  2. მიჯნის ზონა არის ორი სახის: საზოგადოებრივი და სამეზობლო. საზოგადოებრივია მიჯნის ზონა,
    რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სივრცის მხარეს, ხოლო სამეზობლოა მიჯნის ზონა, რომელიც
    მიმართულია სამეზობლო საზღვრის მხარეს.
  3. მიჯნის ზონაში დასაშვებია ღია ნაწილების მოწყობა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით.
  4. საზოგადოებრივი მიჯნის ზონა შეიძლება ვრცელდებოდეს საზოგადოებრივი სივრცის სიგანის ნახევრის
    წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყემდე (შუა ხაზი), არაუმეტეს 15 მეტრისა. თუ საზოგადოებრივ სივრცეს
    მეორე მხრიდან ესაზღვრება სხვა საზოგადოებრივი სივრცე (მაგ. ქუჩას ესაზღვრება სკვერი), ანგარიშისას
    აიღება ჯამური სიგანე.
  5. სამეზობლო მიჯნის ზონა შეიძლება ვრცელდებოდეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებამდე ან/და
    ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული მეორე შენობის სამეზობლო მიჯნის ზონამდე.
  6. მიჯნის ზონები შეიძლება ფარავდეს ერთმანეთს ან საზოგადოებრივი სივრცის შუა ხაზზს, თუ:
    ა) მიჯნის ზონები ერთმანეთთან ქმნიან 75 გრადუსიდან 90 გრადუსის ჩათვლით კუთხეს;
    ბ) შენობის სიმაღლე კეხამდე არ აღმატება 3 მეტრს და დამხმარე ფუნქცია აქვს (მაგ.: შენობა-ნაგებობის
    შესასვლელი კიბეებისა და პანდუსების მოწყობა და მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით,
    ავტოსადგომები, ტერასები, ბავშვებისათვის ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო,
    ფარდული, დახურული ავტოსადგომი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური
    ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა
    მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები);
    გ) თუ ერთი და იმავე შენობის საანგარიშო ზედაპირები ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული.
  7. მიჯნის ზონის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ განაშენიანების სახეობა შეტყუპებულია, შეჯგუფებულია
    ან დახურულია, ხოლო შენობებს ან მათ ნაწილებს სამეზობლო საზღვარის მხარეს ღია ნაწილები არ გააჩნიათ.
  8. მიჯნის ზონის სიღრმე გამოითვლება ფორმულით L = H x Y , სადაც:
    ა) L წარმოადგენს მიჯნის ზონის სიღრმეს (მეათედის სიზუსტით);
    ბ) H წარმოადგენს შენობის/ნაგებობის საანგარიშო სიმაღლეს (მეათედის სიზუსტით);
    გ) Y წარმოადგენს კოეფიციენტს.
  9. L-ის გამოთვლისას:
    ა) სიღრმე უნდა აითვალოს საანგარიშო ზედაპირის მთელ გაყოლებაზე იმ ზომით, რომელიც შეესაბამება
    მოცემულ წერტილში H-ის მნიშვნელობას;
    ბ) მხედველობაში მიიღება გრუნტის ზედაპირის დახრილობა და მიჯნის ზონის სიღრმე გამოითვლება
    შენობის საანგარიშო სიმაღლის საშუალო მაჩვენებლით;
    გ) მხედველობაში არ მიიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა;
    დ) საზოგადოებრივი მიჯნის სიღრმის მაქსიმალური მნიშვნელობა დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ
    ზონაში ტოლია 6 მეტრის, საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში – 10 მეტრის, ხოლო მაღალი
    ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში – 15 მეტრის;
    ე) სამეზობლო მიჯნის ზონის სიღრმის მაქსიმალური მნიშვნელობა ტოლია 10 მეტრის;
    ვ) მიჯნის ზონის მინიმალური სიღრმე ტოლია 3 მეტრის.
  10. H-ის გამოთვლისას:
    ა) ანგარიშში მიიღება სახურავის სიმაღლე საანგარიშო კიდიდან კეხამდე:
    ა.ა) 45 გრადუსამდე ქანობის შემთხვევაში – არ იანგარიშება;
    ა.ბ) 45-დან 70 გრადუსამდე ქანობის შემთხვევაში – 1/3-ით;
    ა.გ) 70 გრადუსი და მეტი ქანობის შემთხვევაში – სრულად;
    ბ) სამტრედეების (სამერცხლეების) და სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების სიმაღლე, თუ მათი ჯამური
    სიგანე აღემატება ამავე შენობის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიგანის 1/2-ს;
    გ) სახურავზე ასასვლელი კიბის უჯრედის და იქ არსებული ლიფტის შახტის სიმაღლე, თუ მათი სიმაღლე 2,3
    მეტრს, ხოლო საერთო ფართობი 50 მ2-ს აღემატება.
  11. Y მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
    ა) 0.35 – ცენტრის, საქმიანი და კომერციული ზონებისათვის;
    ბ) 0.25 – საწარმოო და სამრეწველო ზონებისათვის;
    გ) 0.4 – ყველა სხვა ზონისათვის.
  12. თუ მიწის ნაკვეთს ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ერთმანეთის გადამკვეთი სხვა საზოგადოებრივი
    სივრცე, საზოგადოებრივი მიჯნის ზონა აითვლება უფრო განიერი საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. L-ის
    ეს მაჩვენებელი აგრეთვე ვრცელდება უფრო ვიწრო საზოგადოებრივი სივრცის მხარეს განთავსებული შენობის
    საანგარიშო ზედაპირის იმ ნაწილზეც, რომელიც არ აღემატება უფრო განიერ სივრცეზე გამავალ საანგარიშო
    ზედაპირის სიგრძეს, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა.
  13. თუ მიწის ნაკვეთს გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები,
    მიჯნის ზონა აითვლება ასეთი მოპირდაპირე საზოგადოებრივი საზღვრებიდან ცალ-ცალკე მათი მოსაზღვრე
    ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან.
  14. საზოგადოებრივი ან/და მრავალფუნქციური შენობებისთვის, როდესაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს
    ცენტრის ან საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მას ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი
    სივრცე, მაშინ საზოგადოებრივი მიჯნის ზონა დგინდება უფრო განიერი საზოგადოებრივი სივრციდან.
  15. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსებისას მიჯნის ზონის განსაზღვრისას, როდესაც
    კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ
    შეზღუდვებს აწესებს.
  16. თუ ამ მუხლის პირველი-მე-14 პუნქტებით განსაზღვრული წესის დაცვით დაგეგმილი მშენებლობა,
    მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მიმართ, ეწინააღმდეგება ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის
    მოთხოვნებს, შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემა დაუშვებელია.
  17. თუ მომიჯნავე ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაშინ ამ მუხლით განსაზღვრული
    ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის ნორმების დაცვა უნდა მოხდეს არსებული კანონიერი ან/და
    კანონის მოთხოვნათა დაცვით დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მიმართ, სხვა შემთხვევაში –
    დაგეგმილი შენობა-ნაგებობის მიმართ.
  18. ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის მოთხოვნების განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს
    შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით.